კახა კალაძე: არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ, დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოვახდინეთ
“თბილისის მერია არავის კერძო საკუთრებას არ ეხება და კერძო საკუთრება დღეს არის ხელშეუხებელი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მუნიციპალური ინსპექცია მიტაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟს კანონის ფარგლებში ახორციელებს.
„ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ. დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული კონკრეტული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოვახდინეთ. მოსახლეობამ, გაფრთხილების მიუხედავად, შენობების დემონტაჟი არ განახორციელა. სამწუხაროდ, დედაქალაქში გვაქვს ბევრი ისეთი ლოკაცია, სადაც მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომში პატარა ნაგებობების განთავსება ხდება, იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიწების დაკანონება მოხდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ და ყოველთვის კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თავს ვიკავებ, კონკრეტული ადამიანების არსებული მდგომარეობა წარმოვადგინო. თუ ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებას ინდივიდურად, ყველა იქ მყოფი ადამიანის არსებულ მდგომარეობას წარვუდგენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ I რეხის ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.