პრემიერმინისტრი MasterCard-ის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
MasterCard-ი პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და MasterCard-ის ვიცეპრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი.
პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება – მსოფლიოში წამყვანი გლობალური საგადახადო და ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას ტურიზმის შესახებ მონაცემების, ცოდნის და ანალიზის გაზიარების, აგრეთვე, მარკეტინგული საქმიანობისა და ინვესტიციების დაგეგმვის ნაწილში, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ დაეხმარება.
მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე MasterCard-ის ვიცეპრეზიდენტმა აღინიშნა, რომ წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და კომპანია მზად არის დაეხმაროს ქვეყანას პოსტკრიზისულ პერიოდში, როგორც ტურიზმის სექტორის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
შეხვედრისას, აგრეთვე, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემთა ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ესწრებოდა.