მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის ახალ შეთანხმებაზე: სახლობანას თამაში დაიწყეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმების გაფორმება შეაფასა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას გამარჯვების შანსები არ აქვს.

“არანაირი ზედმეტი შეფასება არ უნდა ამას. ახლა დაიწყეს სახლობანას თამაში, რომ მათ აქვს რაღაც შანსები, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი გამორიცხულია, რომ  ჰქონდეთ რაღაც შანსები. რაც  უნდა დაიწყონ სახლობანას თამაში და ჩამოწერონ –  ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუს-ს გააუქმებს და ვინ – სასამართლო სისტემას, ეს დარჩება ისევ ნათამაშებად, როგორც აქამდე თამაშობდნენ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი, რომელმაც საკუთარი რეიტინგი კარგად იცის, ასეთ მემორანდუმებს აფორმებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა: „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა” შეთანხმება გააფორმეს. როგორც ოპოზიციურ პარტიებში განმარტავენ, შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეფორმის განხორციელებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები