იაპონიაში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო – როგორ გაგრძელდება რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება

იაპონიის ახალი პრემიერმინისტრის, იოშიჰიდე სუგას დანიშვნის შემდეგ, რომელმაც შინზო აბე ჩაანაცვლა, იაპონიაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შინზო აბეს უმცროსმა ძმამ, ნობუო კიშიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრი ტარო კონო გახდა.

ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი – კაცუნობუ კატო ქვეყნის მინისტრთა საბჭოს გენერალურ მდივნად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ “კოვიდ19”-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი როლი უმნიშვნელოვანესი იყო.

საჯარო უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რიოტა ტაკედა შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრად დაინიშნა, მის ადგილს კი ჰაჩირო ოკონოგი დაიკავებს.

ციფრულ საქმეთა მინისტრი, ტაკუია ჰირაი გახდა, იუსტიციის – იოკო კამიკაუა​, შრომისა და სოციალური დაცვის – ტამურა ნორიჰისა, აგრიკულტურის – კატარო ნოგამი, ხოლო კატასტროფების აღდგენის მინისტრად კაცუეი ჰირასაუა დაინიშნა.

ამასთან, იაპონიის ახალმა პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრად ტოშიმიტსუ მოტეგი დატოვა, რომელიც მოვალეობას 2019 წლის სექტემბრიდან ასრულებს. ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე მოტეგიმ განაცხადა, რომ აპირებს, გააგრძელოს მოლაპარაკებები რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

“ჩვენ თავს ვიკავებთ პროგნოზებისგან, მაგრამ იაპონიის მთავრობა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებს, განავითაროს იაპონურ-რუსული ურთიერთობები პოლიტიკის ფართო სფეროებში, მათ შორის, სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხი, ასევე, ეკონომიკისა და კულტურის საკითხებში”, – განაცხადა მოტეგმა.

იაპონიისა და რუსეთს შორის სამშვიდობო ურთიერთობის პოლიტიკა ეხება კურილის კუნძულების საკითხს.

1956 წელს სსრკ-მ და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც მოსკოვი განიხილავდა ორი კუნძულის იაპონიისთვის გადაცემის შესაძლებლობას სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაში. სსრკ იმედოვნებდა, რომ ამ საკითხს ბოლო მოეღებოდა, ხოლო იაპონიამ გარიგება პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ნაწილად მიიჩნია.

დავა დღემდე გრძელდება. კურილის კუნძულების: კუნაშირი, შიკოტანი, იტურუპისა და ჰაბომაის დაბრუნების საკითხი იაპონიის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

საკითხის კომენტირებისას იაპონელმა ექსპერტემბმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ, აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე გლობალური დაპირისპირების ფონზე, რუსეთი და იაპონია საკითხთან დაკავშირებით საერთო ინტერესების გამონახვას გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები