გია ვოლსკი: ოპოზიციის ახალი შეთანხმება პროპაგანდისტული ფანდია, არ მგონია, რომ ვინმე შეაცდინონ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციური პარტიების მიერ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმების გაფორმება შეაფასა.
ვოლსკის თქმით, ეს ადამიანები საკუთარი პარტიული ორგანიზაციების და საკუთარი სუბიექტების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ.
“ვიღაცამ ირონიულად თქვა, რად უნდათ მემორანდუმები, სიტყვა თქვან და ეს ხომ ის ხალხია, რომ არასდროს არ დაარღვევენ სიტყვას და ფურცელზე ხელმოწერა რა საჭიროაო?! ეს გარკვეულწილად ხუმრობაა. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების და საკუთარი სუბიექტების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, ხშირად აწყობენ ხან ხელის მოწერის, ხან განცხადებების ე.წ.ივენთებს, თითქოს ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან. რასაკვირველია, ეს “ტრიუკია” , პროპაგანდისტული ფანდია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო სურათი აქვს წინ. არ მგონია, რომ ვინმე შეაცდინონ”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა” შეთანხმება გააფორმეს. როგორც ოპოზიციურ პარტიებში განმარტავენ, შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეფორმის განხორციელებას.