ევროკომისიის პრეზიდენტი: ვერცერთი გაზსადენი ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებებს – ასე იყო საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, სოლსბერიში

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი არ ფიქრობს, რომ გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი2”-ის მშენებლობა რუსეთის ქმედებას გააუმჯობესებს და ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დალაგდება.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში “ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ” მოხსენებაში განაცხადა.

“მათთვის, ვინც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა, ვიტყვი, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ნერვული აგენტის გამოყენების საუკეთესო ვერსიაა – რაც ერთადერთი შემთხვევა არ არის”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედების ასეთი მოდელი შეინიშნებოდა საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში ჩარევის დროს.

“ქცევის ეს მოდელი უცვლელია და ვერცერთი გაზსადენი ამას ვერ შეცვლის”, – თქვა ევროკომისიის თავმჯდომარემ, რასაც დეპუტატების აპლოდისმენტები მოჰყვა.

გუშინ ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვან დერ ბელენმა განაცხადა, რომ ნავალნის მოწამვლის საკითხთან “ჩრდილოეთ ნაკად2”-ის მშენებლობის მიბმა არ შეიძლება.

შეგახსნებთ, რომ გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკად2”-თან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უნდა მიიღოს.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის კვალდაკვალ, მას შემდეგ, რაც ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაასკვნა, რომ რუსი ოპოზიციონერი “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით არის მოწამლული, კანცლერმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ქმედებას, ევროპარლამენტთან შეათანხმებს, ასევე, თქვა, რომ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები