გიორგი გახარია – UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე: მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი

მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში.

სხდომა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველი, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა და ის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ქალაქ მადრიდში ტარდება, 2020 წელს კი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვნის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

„ამ გადაწყვეტილების მიღებაში აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვნის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებულად დასაფასებელია, დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში არსებული შეზღუდული გადაადგილების პირობებში. დღესდღეობით, ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო, მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა, საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა. მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული, 9,4 მლნ ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა,”- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა – საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა.

„აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, ასევე, ტურიზმის სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას აქტიური კამპანიების განხორციელებითა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით, ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ქვეყანაში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ხელშეწყობაზე, ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს და ხელს ვუწყობთ ახალი პირდაპირი ფრენების გამართვას, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში და ტურისტული ქსელის განვითარებას. ზემოაღნიშნული ღონისძიებებით და საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო არსებული კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა – საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა. ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება, ჩვენ ტურიზმის სექტორს ვედექით გვერდით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამებით, შეღავათიანი გადავადებებით საგადასახადო ვალდებულებების, თუ სხვა ინსტრუმენტებით,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო „მწვანე ქვეყნის” სტატუსის მოპოვება და დღეს, საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა.

„საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტ-კრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის იქცეს შესაძლებლობად.
„პოსტ-კრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება წარმატებით ჩაივლის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ

UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველი უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, საქართველო 16-17 სექტემბერს მასპინძლობს. სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.
სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.
UNWTO-ის მაღალი რანგის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები