კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე იგეგმება

“პეკინის გამზირის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე იგეგმება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ანალოგიური პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც დაიწყოს.

“საბურთალოს რაიონში მხოლოდ პეკინის გამზირით არ შემოვიფარგლებით. შემდეგი იქნება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები. საინფორმაციო ჯიხურები აქაც მოვამზადოთ, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ამ სიახლესთან დაკავშირებით.

ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილები უნდა დაარეგისტრიროს ჩვენს პორტალზე. ამაში მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან და საცხოვრებლიდან 100 მეტრის რადიუსში მათთვის ავტომობილის პარკირება იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება ელექტრო მობილებისთვის, შშმ პირებისთვის, გამოიყოფა შესაბამისი ადგილები „ა“ კატეგორიის ტაქსებისთვის, დანარჩენი ადამიანებისთვის კი – პირველი 15 წთ. უფასო იქნება, შემდეგ კი 1 საათის ღირებულება იქნება ლარი. ირაკლი ხმალაძეს მინდა, დავავალო, რომ ანალოგიური პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც დაიწყოს. ეს იქნება აბაშიძე, ფალიაშვილი, ჭავჭავაძე და მკვეთი ქუჩები. ზოგადად, ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაიგეგმება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტის განხორციელება. პარკირების საფასური, რაიონებიდან გამომდინარე, იქნება სხვადასხვა“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები