ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მინისტრობის პერიოდში ჯარში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ

„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.

მისივე თქმით, ამ პროცესს, გუნდთან ერთად, შემუშავებული კომპლექსური ხედვით ხელმძღვანლობდა, რომელიც, ძირითადად, ჯარისკაცებზე ზრუნვას ეფუძნება. ინტერვიუში მინისტრმა სამხედროების ხელფასების ზრდაზე, მათი სოციალური პირობების, სამედიცინო დაზღვევისა და ჯარში კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მან ყურადღება მახათას მთაზე სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის დაწყების პროცესზე, ასევე, ნატო-ს სტანდარტის სამხედრო ფორმებითა და ბათინკებით სამხედროების უზრუნველყოფაზე გაამახვილა.
„ჩვენ დავიწყეთ შეიარაღების შესყიდვა, დავამატეთ „ჯაველინები“, „მ4“-ები, რომლითაც ჯარის სრული აღჭურვა მოხდება, გავაფორმეთ კონტრაქტი ისრაელის სახელმწიფო კომპანია “რაფაელთან”. ერთ წელიწადში ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სრულად მოდერნიზებული იქნება. ასევე, დავიწყეთ ავიაციის აღდგენა.
ჩვენ გვინდა ადგილობრივი წარმოების განვითარება, ეს იქნება „დრონების“, უფრო სერიოზული ჯავშანტექნიკის წარმოება და არა ის სათამაშო, რითაც სააკაშვილი ამაყობდა. ჩვენ ყველა მიმართულებით 100%-იანი გაუმჯობესება გვაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები