გია ვოლსკი – ოპოზიციის ახალ საარჩევნო ბლოკზე: მათ ამბიციებს შორის დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ საზოგადოებას სერიოზული ეჭვები გაუჩნდა
“საზოგადოების დამოკიდებულება, მათ მიმართ არ შეიცვლება”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ პოლიტიკური პარტიების: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატებისა“ და „პროგრესი და თავისუფლების“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანება.
ვოლსკის თქმით, საზოგადოებას მათ მიმართ ეჭვები გაუჩნდა.
“საზოგადოებას რა დამოკიდებულებაც აქვს მთლიანად ამ გაერთიანებასთან, მათ შორის, ცალ-ცალკე ოქრიაშვილი იქნება ეს თუ “რესპუბლიკური პარტია”, ეს, რასაკვირველია, ამ გაერთიანებით არ შეიცვლება. მე ვფიქრობ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოიყენა გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტი, მათ ამბიციებს შორის დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ საზოგადოებას საკმაოდ სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, რა მარგი ქმედების მატარებელი შეიძლება, იყოს ეს გაერთიანება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. სწორედ ამ შემადგენლობით წარდგება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშია”.