დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას, მართავს პანდემიის გავრცელების რისკებს და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს

„ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართვას პანდემიის გავრცელების რისკებს”, -ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო პრემიერის ხელმძღვანელობით თავიდანვე მოქმედებს გადაუდებლად, ეფექტიანად და პრევენციულად.

„ამავე დროს, ჩვენ მოვიგეთ დრო. ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისათვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე „პისიარ” ტესტის გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი, საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა კლინიკური შემთხვევების მართვის კუთხითაც.

„თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში, დღეისათვის კოვიდ ინფიცირებულთა ანუ პაციენტების სამკურნალოდ ჩართულია 20-ზე მეტი კლინიკა და 2400-მდე გაიზარდა საწოლფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისათვის მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80%, ასევე მზადყოფნაშია 4 სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალურ მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ეპიდემიოლოგები, ექიმებმა და ექთნებმა, როგორც ჰოსპიტალებში, ასევე პირველადი ქსელში გაიარეს გადამზადება კოვიდის დიაგნოსტიკის, ინფექციის კონტროლისა და მართვის სფეროში.

„გადამზადებულია 2500-მდე სოფლისა და ოჯახის ექიმი. 43 კლინიკაში მოხდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება მძიმე შემთხვევების მართვაში, რამაც შესაძლო გახადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ყველაზე რთული შემთხვევების წარმატებული მართვა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში არის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელი. ასევე, მზადყოფნაშია სასტუმროები, რომლებიც რამდენიმე დღეში მიიღებენ უსიმპტომო და ე.წ. მსუბუქ პაციენტებსაც, რომლებიც ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან”, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სისტემა მზად არის დაძლიოს კრიზისი და ხელისუფლების მთავარ ამოცანად ისევ რჩება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა, მაგრამ მოქალაქეების და საზოგადოების როლი ამაში არის შეუცვლელი.

„მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან წესები, რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საკოორდინაციო საბჭო. აუცილებელია ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში და ასევე, ღია სივრცეში, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან, და მითუმეტეს გადაკოცნისგან. შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა სხვისგან მივიღოთ ვირუსი ან სხვას გადავცეთ ის და მოვახდინოთ დაინფიცირება. ამიტომ, გაუფრთხილდეთ ყველას და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას”, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სამი ძირითადი მიზანი: შეინარჩუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დაუბრონოს სასტარტო მდგომარეობას, რომ არ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, მესამე მიზანი შეეხება არჩევნებს.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი. ახლოს არის არჩევნები და ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ვალდებულება ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ ჩვენ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში და ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ქვეყანას არჩვენების შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები