თამარ გაბუნია: დღის ბოლომდე უკვე 2400-მდე საწოლია მზად, რომ კოვიდპაციენტები მიიღოს

დღეს, დღის ბოლომდე უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ კოვიდ-პაციენტების მიღება განახორციელოს 2400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ქობულეთში, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მობილობის გაზრდასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

„ მოდელი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ჰოსპიტალური მართვისთვის, პირველი დღიდან იყო კოვიდ-კლინიკების და ცხელების კლინიკების მობილიზება, სადაც ხდებოდა ცხელების შემთხვევების შეფასება, საწყისი დიაგნოსტირება და შემდეგ მათი კოვიდ-კლინიკებში გადამისამართება. ეს მოდელი ისევ ძალაშია. მთავრობის 322-ე დადგენილების პირველი და მეორე დანართით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც შეფასებული არიან, როგორც კოვიდ-კლინიკა ან როგორც ცხელების კლინიკა.

პარასკევს, მას შემდეგ, რაც გარკვეულწილად შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიხატა, დამატებით მობილიზებულ იქნა 700-მდე საწოლი ისე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდა 1500-მდე. დღეს, დღის ბოლომდე უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ კოვიდ-პაციენტების მიღება განახორციელოს 2400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ქობულეთში. ანუ, განაწილება არის საკმარისად კარგი, რათა გვქონდეს თანაბარი, გეოგრაფიული მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, „კოვიდ-19“-ის მართვაში უკვე ჩართული კლინიკები გააგრძელებენ კოვიდ-პაციენტების მკურნალობას, თუმცა პროგრამას ახალი კლინიკებიც შეუერთდებიან.

„ჩაერთვებიან ახალი კლინიკები, რომლებსაც აქამდე არ მოუხდათ პაციენტების დიდი ნაკადის მართვა უბრალოდ იმის გამო, რომ ამის საჭიროება არ იყო. ისინი მიიღებენ კონსულტაციას და რჩევას უკვე გამოცდილი კლინიკებისგან, ასევე კლინიკური ჯგუფისგან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს და რა თქმა უნდა არის კლინიკური გაიდლაინები, რის მიხედვითაც იმართება თითოეული შემთხვევა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები