გიორგი გახარია: ჩვენი მიზანია, დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე
“ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.
„ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი. ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 3-3,5 მილიონი ლარი, დღეს ეს ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ადამიანი ყაზბეგში ცხოვრობს თუ თბილისში, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა, შესაძლებლობები ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს თანაბარი – განათლება, სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება უნდა იყოს ერთნაირი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ეს იქნება – „აწარმოე საქართველოში” თუ სოფლის მეურნეობის პროგრამები, მთავრობამ ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო ახლოს მიიტანა.
„ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში თქვენ შეგიძლიათ, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში მიხვიდეთ და ზუსტად იგივე მომსახურება მიიღოთ, რასაც მიიღებდით თბილისის იუსტიციის სახლში ან რომელიმე სამინისტროში. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ აქ, ადგილზე ახალგაზრდები დავამაგროთ, მათ, ვისაც აქვთ ნიჭი, შესაძლებლობა და სითამამე, პირველი ნაბიჯი გადადგან ბიზნესში, დაიწყონ თავიანთი საქმე, გახსნან სასტუმრო ან კიდევ ბევრი რამ. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებს შევუქმნათ ერთნაირი სამართლიანი პირობები ყველგან, ქალაქში იქნება ეს თუ მთაში. ძალზედ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. მოგეხსენებათ, პრაქტიკულად უკვე დაწყებულია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ეს უპრეცედენტოდ დიდი და მნიშვნელოვანი გზა იქნება ამ რეგიონისთვის, რომელიც გააძლიერებს აქაურობის სატრანზიტო პოტენციალს. სოფლის მეურნეობა კარგია, ტურიზმიც კარგია, მაგრამ ტრანზიტი ყოველთვის იყო ამ რეგიონის ძალიან ძლიერი მხარე.
სულ უახლოეს პერიოდში დაიწყება ჟინვალამდე გზის პროექტირება. მოკლედ რომ გითხრათ, თბილისიდან აქ ამოსვლა დაახლოებით 1 საათით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი და ამას სულ 3-4 წელი დასჭირდება. ქვეშეთი-კობი დამთავრდება 2023-2024 წლებში და ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობასაც, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია, ძალიან სწრაფად დავიწყებთ. ეს სულ სხვა რეგიონი გახდება და აქ სულ სხვა ცხოვრება იქნება”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა გუდაურზე ისაუბრა და აქ არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ გუდაურს. გუდაურის უკვე წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, ჩვენთვისაც გაჭიანურებული, გუდაურის წყალმომარაგება, წლევანდელ სეზონზე იქნება გადაწყვეტილი და ეს პრობლემა გუდაურში აღარ იარსებებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წელს, ამ პანდემიის პირობებში, ტურისტების რაოდენობა ბუნებრივად შეგვიმცირდა. ცალკე აღებული საქართველო ვირუსს ვერ დაამარცხებს, მაგრამ ყველაზე ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენ და ყველაზე სწრაფად უნდა მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ საუკეთესო განათლება და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ეს არის თბილისის, თუ ყაზბეგის სკოლაში, ჩვენს მოხუცებს ჰქონდეთ ძლიერი სოციალური დახმარება და ამიტომ არის, რომ ყაზბეგის ყველა სოფელს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც პირდაპირი სოციალური დახმარებაა თითოეული აქ მცხოვრები მოქალაქისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველას გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები, იმისთვის, რომ ვიშრომოთ და სამართლიანად, ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე შალვა კერესელიძეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ის, ყაზბეგელების ღირსეული ხმა იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში, თქვენ მოგეხმარებათ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. შალვა კერესელიძე ამ კუთხის შვილია და ის იყო ამ რეგიონის გუბერნატორი. მან ძალიან კარგად იცის, აქ, თითოეული პრობლემა, დრო არ დაჭირდება და როგორც კი გავიმარჯვებთ, მეორე დღეს დაიწყებს აქაური მოსახლეობის ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყაზბეგელების ღირსეული ხმა იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. მოხევეებო, კიდევ ერთხელ გისურვებთ გამარჯვებას, სამართლიან ბრძოლაში”, – აღნიშნა პრემიერმა.