გიორგი გახარია: წლების განმავლობაში რაგბის მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით
“წლების განმავლობაში რაგბის მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმითვე, დაახლოებით, 200 მილიონის ინვესტიცია ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში ჩაიდო, ამის შედეგად კი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ეძლევა შესაძლებლობა, მსოფლიოს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს.
„რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ მათ შეჯიბრები, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც რაგბის კავშირი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ და სულ რამდენიმე საათში შეიძლება, ყველამ ერთად, გამარჯვება ვიზეიმოთ. თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდებ, რომ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ქართულ რაგბს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.