ანა მიქელაძე: ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინე სივრცეებში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ
“ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინე სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში წარიმართოს.
“ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინე სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, სწორედ ცესკო იღებს გადაწყვეტილებას საკარანტინე ზონებში ან საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ჩატარებასთან ან არჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციები. ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინე სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, შესაძლებელია, ამ საკარანტინე სივრცეებში ასევე იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებული პაციენტებიც, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები გამოხატული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენციის გაკეთება. მთავარია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში“, – განაცხადა მიქელაძემ.