“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.
ბოკერიას შეფასებით, პრემიერმინისტრად სააკაშვილის დასახელებით „ნაცმოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურს.
„ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი ჰქონდა სათამაშო – სააკაშვილის დაბრუნების საკითხი. დაბრუნდება თუ არა. რომ დაბრუნდება, რას უზამენ. მთელი ეს არანორმალური კონტექსტი ჩვენი, თქვენი მომავლისთვის არაფრისმომცემია. ახლა იქნება მისი პრემიერობის საკითხი. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ძალიან მკაფიოა – ივანიშვილსა და მის გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხისა და კატასტროფის შენარჩუნება, რათა ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს მოქალაქეების აზრი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, რაც დღევანდელი ნაბიჯითაც დადასტურდა, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს ქვეყნას წინსვლა სჭირდება. ჩვენ ამ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გვაქვს, რომ სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორი კომპასი გვქონდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.