ხათუნა ლაგაზიძე: კიბერთავდასხმა საქართველოსთვის დამაფიქრებელია, კიბერ ომს შეიძლება, მოჰყვეს ისეთი ქაოსი, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

“ამერიკის ელჩმა ჯერ კიდევ გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერევა. ჩარევის მთავარი მიმართულება შეიძლება, იყოს სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერებზე კიბერშეტევა”, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი კიბერთავდასხმა.​

პოლიტოლოგის თქმით, ხელისუფლებამ კიბერსივრცის დასაცავად პრევენციული ზომები უნდა მიიღოს.

“ხელისუფლებამ კიბერსივრცის დასაცავად პრევენციული ზომები თუ არ მიიღო, მაშინ ის ქვეყანაში რუსეთის მიერ განვითარებული პროცესების თანამონაწილე იქნება.

ეს კიბერთავდასხმა დამაფიქრებელია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ – მისი პარტნიორი ქვეყნისთვისაც. ცხადი შეიქმნა, რომ საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ამერიკისთვის რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი კიბერთავდასხმისგან დაცული არ არის. შესაბამისად, ეს ორმაგი დასკვნის საფუძველს იძლევა: რუსეთმა ორივეს – საქართველოსაც და ამერიკასაც თანაბრად ესროლა ხელთათმანი და აგრძნობინა ამერიკას, რომ საქართველოში მისი ინტერესებისა და მისი მონაწილეობით შექმნილი კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ არის დაცული. რაც ახლა მოხდა, რა თქმა უნდა, მის მასშტაბს ვერ შევადარებ 2008 წლის აგვისტოს კონვენციურ ომსა და მის თანმდევ კიბერ ომს, რომელიც მაშინ რუსეთმა საქართველოს გაუმართა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ კიბერთავდასხმას თუ ამერიკის რეაგირება არ მოჰყვა, ამას შეიძლება, რუსეთის უფრო მძაფრი შეტევები მოჰყვეს – შესაძლოა, დომინოს პრინციპი ამოქმედდეს და სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს, ამიტომ ვავლებ პარალელს 2008 წლის ომთან – მაშინ მსოფლიომ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსული აგრესიის მასშტაბი და შედეგად მიიღო დღევანდელი ვითარება – პუტინმა რაც უნდა გააკეთოს მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად, დაუსჯელია.

სხვათა შორის, ამერიკის ელჩმა ჯერ კიდევ გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერევა. ჩარევის მთავარი მიმართულება შეიძლება, იყოს სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერებზე კიბერშეტევა.

ამ კიბერ ომს შეიძლება, მოჰყვეს ისეთი ქაოსი, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაც და ა.შ. მთავარი ხელწერა, რასაც რუსეთი ამ ჰიბრიდული ომით აღწევს, არის ქაოსი სამიზნე ქვეყნებში და ეს რამდენიმე მიზანს ემსახურება, ესენია: სამიზნე ქვეყნის საზოგადოების დარწმუნება, რომ მისი ხელისუფლება უვარგისია, სრული ფრუსტრაცია და იმედგაცრუება საკუთარი ხელისუფლებითა და ქვეყნის პერსპექტივით”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები