თერჯოლაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირველკურსელებს შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. იწყება თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი ეტაპი-სტუდენტობა. გისურვებთ წარმატებას, წინსვლას, პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. თქვენი თაობის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სურვილია, თქვენთან თანამშრომლობა. იმედს გამოვთქვამ, რომ დაუბრუნდებით მშობლიურ თერჯოლას უკვე პროფესიონალები, ისარგებლებთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამით, დასაქმდებით საჯარო სამსახურებში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის განვითარებაში, ” – მიმართა სტუდენტებს ლაშა გოგიაშვილმა.

თანატოლებს სტუდენტობა მიულოცეს, პედაგოგებსა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს 100 %-იანი სასწავლო გრანტის მფლობელებმა ქრისტინე ჩიტიძემ და თამთა გოგიაშვილმა.

ღონისძიება, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით რეაბილიტირებულ ახალგაზრდულ სკვერში გაიმართა, დასრულდა ანსამბლ „მასპინძელოს”კონცერტით.

თერჯოლიდან მიმდინარე წელს სტუდენტი 153 აბიტურიენტი გახდა, აქეედან ორმა 100 %-იანი, ოთხმა 70 %-იანი, თერთმეტმა კი 50 %-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები