საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედება ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს და ყოველივე ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა.
“ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.
ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა.
ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას, უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება”, – აღნშულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ სექტემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.