კონსტანტინე გამსახურდია – გიგა ბოკერიას ნუ დაავიწყდება, „ნაცმოძრაობის“ მესვეურთა თვალში სწორედ ის იყო „საფრთხობელა“ და სავარაუდოდ ბევრი საბედისწეროდ მცდარი გადაწყვეტილების ავტორი, რამაც ამ მოძრაობის მარცხი განაპირობა

ბოკერიას უთქვამს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ვებრძოდი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობიდან გამომდინარეო, – ასე გამოეხმაურა “კვირასთან” ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გიგა ბოკერიას განცხადებას.

“დავიწყებ იმით, რომ ოპოზიციონერობაც და ხელისუფლების კრიტიკაც კარგია, ოღონდ თავად მართალი უნდა იყო, უწინარეს ყოვლისა, შენს სინდისთან და პოლიტიკური კონტექსტიც და სიტუაციაც სწორად უნდა გქონდეს შერჩეული. ეს ხომ ის დროა, როცა ბეწვის ხიდზე მიდის ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფო და მას ყველა მხრიდან უტევენ; რომელსაც, ჯანსაღი ოპონირების გარდა, სჭირდება მხარში ამოდგომა, მხარდაჭერა. რამდენადაც პოლიტიკური შულერობისა და თვალებში მტვრის შეყრის მომენტები გამოიკვეთა, მოდით, გავყვეთ სამივე პუნქტს:

1.„ეთნიკური ნაციონალიზმი“ – მითი, რომელიც ყველაზე მეტად კულტივირებული იყო კრემლის პროპაგანდის მიერ, სადაც ითქმოდა, რომ პრეზიდენტი გამსახურდია ხელმძღვანლობდა პრინციპით – „გრუზია ტოლკო დლია გრუზინ.“ სხვათა შორის, არსად, არცერთ ინტერვიუში, არცერთ ოფიციალურ განცხადებაში ზვიად გამსახურდია არ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების ადგილი საქართველოში არ არის, თითქოს, ისინი აქედან უნდა განიდევნონ და ეს შესანიშნავად ჩანს მის 5-ტომეულში, რომელიც ე. ჯგერენაის თაოსნობით გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ. საქმე პირიქითაა – კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა ყველა აქ მაცხოვრებელი, ვინც კი აღიარებდა დამოუკიდებლობას, კანონსა და კონსტიტუციას. მათ ენისა და ისტორიის ცოდნას არ თხოვდნენ, როგორც ეს დღემდე არის ბალტიურ ქვეყნებში. სად არის ყბადაღებული „ეთნიკური ნაციონალიზმი?“ არადა, ამასვე იმეორებდა შეიარაღებულ, სამხედრო-კრიმინალურ ფორმირებებთან გადაჯაჭვული ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, რომელსაც ბატონი გიგა თავის ზოგიერთ თანაპარტიელთან ერთად მიეკუთვნებოდა. გაფიცებთ, ბ-ნო გიგა, ოფიციალურ რუსეთს, რომელსაც დღეს მრისხანედ ქუშმორეული უპირისპირდებით, გაფიცებთ თქვენი მოკავშირე ბანდფორმირებების იარაღით მომმარაგებელ გენერალ სუფიან ბეპაევს, გაფიცებთ “მხედრიონისა” და სხვა მონათესავე საძმოების პუტჩისმიერ კოლეგებს, რომლებთანაც ერთ დროს მეგობრობდით – მართლა გჯერათ, რომ პროგრესისა და დემოკრატიის სამსახურში იდექით, როდესაც ახლადფეხადგმულ ქართულ სახელმწიფოს ამ საზარელ ალიანსთან ერთად ამხობდით? თუ ფოთის მოსახლეობა გგონიათ ისეთი ულტრალიბერალი „ბაბულიკები“, რომ ასეთ განცხადებებზე მხარს დაგიჭერთ და ხმას მოგცემთ?

2. „პოლიტიკური პლურალიზმი“ – 1990-1991 წლებში საქართველოში გამომავალი, სულ ცოტა, 15 გაზეთი ყველა ბრუნვაში აძაგებდა საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს; ტელევიზიაში ბლოკავდნენ მხოლოდ პირდაპირ მოწოდებას ხელისუფლების დამხობაზე, მეტს არაფერს. პარლამენტში, სახელისუფლებო გუნდის გარდა, 4 ფრაქცია იყო; ბ-ნო გიგა, ზოგიერთი თქვენი მეგობარი პარტია ყოველ დღე მიტინგს აწყობდა მთავრობის სასახლესთან   – „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუს“ ღრიალით, ხოლო პრეზიდენტი აცხადებდა, საქართველოში მე ნამდვილი „ჰაიდ პარკის“ მოწყობა მინდაო და ასეთი რა დემოკრატიული „სასწაული“ უნდა მომხდარიყო 14 თვეში (მეტი, აბა, არც დააცადეთ ხელისუფლებას, ის დაამხეთ), რომ ჰოლანდიისა და შვედეთისთვის გაგვესწრო?

2. ბ-ნო გიგა, თავისუფალი ეკონომიკაო, რომ წერთ, დაგავიწყდათ – თენგიზ სიგუამ, ერთ დროს თქვენი და თქვენი მეგობრების ერთერთმა ბელადმა, როგორ უპასუხა შეკითხვას – ქალაქი იმიტომ დავწვით, რომ პრეზიდენტმა პრივატიზაცია შეაყოვნაო? საშუალო და მცირე ობიექტების დონეზე პრივატიზაცია დაწყებული იყო, რაც შეეხება მიწასა და დიდ საწარმოებს, ქვეყნის საერთაშორისო აღიარების, მოქალაქეობის კანონის მიღებისა და ქვეყნის საზღვრების დადგენის გარეშე როგორ უნდა ჩატარებულიყო? ან 106 სსრკ-დან მემკვიდრეობით მიღებული საწარმოს გაძარცვას, დაშლას, მყისიერ გაყიდვასა და დემონტაჟს, რაც სახელმწიფო გადატრიალებას მოყვა, თქვენ „პრივატიზაციასა“ და „თავისუფალ ეკონომიკას“ უწოდებთ?
გიგა ბოკერია უმეცარი და უწიგნური ნამდვილად არ არის, თუმცა მან ქვეყნის უახლესი ისტორიის ბევრი ასპექტი, როგორ ჩანს, არც იცის ან იცის და შეგნებულად აყალბებს იმიტომ, რომ „საქმეს ასე სჭირდება“. ნურც ის დაავიწყდება, რომ, დღევანდელი თვალთახედვით, მისი ყოფილი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა თვალში (ადეიშვილთან ერთად) სწორედ ის იყო არა მარტო „საფრთხობელა“, არამედ  – მძვინვარე და რეპრესიული ჰერცოგი ალბას მსგავსი ფიგურა, სავარაუდოდ, ბევრი საბედისწეროდ მცდარი გადაწყვეტილების ავტორი, რამაც ამ მოძრაობის მარცხი განაპირობა”, – აცხადებს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები