ინფექციონისტი: მოსაზრება, რომ ვიღაც კორონავირუსის უკეთეს ვაქცინას გაიკეთებს და ვიღაცას უარესს გაუკეთებენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხი ვაქცინა იქნება. როგორც ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინა ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2021 წლის დასაწყისისთვის იქნება.
ინფექციონისტმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებსაც კორონავირუსის არსებობაში ეჭვი შეაქვთ და, ამასთან, ვაქცინას ეწინააღმდეგებიან.

„კორონავირუსი ნამდვილად არსებობს, საერთოდ გამაოგნებელია კიდევ ამაზე კითხვის ნიშნის დასმა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ასეთ ადამიანებს მხოლოდ იმის სჯერათ, რასც თავის თვალით ხედავენ ან თუ მის გვერდით მყოფს აქვს ვირუსი, მაშინ დაიჯერებენ. სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიცაა, რომ მათაც კი არ სჯერათ და ამტკიცებენ, რომ დიაგნოზი არასწორად დაესვათ. ასეთი ჩვენი მოსახლეობის ძალიან ექსტრემალური ნაწილია. მინდა, მათ ვუთხრა, რომ, მაგალითად, ჩვენს კლინიკაში კეთდება გამოკვლება PCR მეთოდით, ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანის ცხვირ-ხახის ნაცხში ამ ვირუსს ვპოულობთ და ამას ვერ მოვიგონებთ. მეორეც, გადავხედოთ მსოფლიო სტატისტიკას – აქ შეთქმულების თეორია ვერაფრით იმუშავებს“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

მისივე განმარტებით, კორონავირუსი ბევრად უფრო რთულად სამართავი ინფექციაა, ვიდრე – გრიპი,

„კორონავირუსი არ არის გრიპი, ორი სრულიად სხვადასხვა ინფექციაა. ესეც დაამტკიცა კორონავირუსმა როგორც გადაცემის გზების კუთხით, ასევე – სიკვდილობის მაჩვენებლით. სამწუხაროდ, ჩამოიტოვა გრიპი. ეს ბევრად უფრო რთულად სამართავი ინფექციაა, ვიდრე – გრიპი, თუმცა, არც გრიპია სახუმარო თემა. სულ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ აიცრან, თავი დაიცვან.
კორონავირუსი სულ ახალია, ბევრად უფრო დიდი ხნის, გამოცდილი ვაქცინების წინააღმდეგ უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდესი პრობლემაა. რა თქმა უნდა, კორონავირუსის ვაქცინაზეც უარყოფითი გამოხმაურებებია უკვე. ის მოსაზრება, რომ ვიღაც უკეთეს ვაქცინას გაიკეთებს და ვიღაცას უარესს გაუკეთებენ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ქვეყანაში შემოდის მხოლოდ ის ვაქცინები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. ვერავინ შემოიტანს ქვეყანაში ისეთ ვაქცინას, რომელიც ჯანმო-ს მიერ არაა აღიარებული. ასე მოხდება „კოვიდვაქცინაზეც“.

ის ვაქცინები, რომლებიც ახლა ლიდერ პოზიციაზე არიან, ანუ მესამე ფაზაში გადავიდნენ, ისევ ასე, წარმატებით გადიან გამოცდას და დიდი იმედია, რომ ბოლომდე გაივლიან. 2021 წლის დასაწყისისთვის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მე მგონია, რომ ვაქცინა დაასწრებს მედიკამენტს. გარდამტეხი ამ პანდემიასთან ბრძოლაში იქნება ვაქცინა და არა – მედიკამენტი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები