დავით ზალკალიანი: კიბერთავდასხმა იყო გამიზნული, რადგან პანდემიის პერიოდში წარმატების განმაპირობებელი ერთერთი ფაქტორი ლუგარის ლაბორატორიაა

“შეტევა იყო, რა თქმა უნდა, გამიზნული იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ, რადგან პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოსა და მთლიანად ჩვენი ხელისუფლების წარმატების განმაპირობებელი ერთერთი ფაქტორი არის ლუგარის ლაბორატორია”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

“რა თქმა უნდა, არ მოგვერიდება სახელების დარქმევა, თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
​რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის უკანონო ქმედება, რომელიც განხორციელდა ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის მიმართ. ეს არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული ინსტიტუტის მიმართ. იცით, რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე მიიტანეს შეტევა. შეტევა იყო, რა თქმა უნდა, გამიზნული იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ, რადგან პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოსა და მთლიანად ჩვენი ხელისუფლების წარმატების განმაპირობებელი ერთერთი ფაქტორი არის ლუგარის ლაბორატორია. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ყველა ჩვენს პარტნიორთან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ სექტემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები