„ქართული ოცნების” ლიდერები ხაშურში, პროფესიული სასწავლებლისა და ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად ხაშურში მდებარე პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
როგორც “კვირას” “ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს, 3-სართულიანი შენობა გათვლილი იქნება 150 სტუდენტზე და სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.
პროფესიულ კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.
პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 9 835 935 ლარია.
როგორც „ქართული ოცნების” ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებასა და მხარდაჭერას, რაც საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების დაუფლებას და სასწავლებლის კურსდამთავრებულთა გარანტირებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
„ქართული ოცნების” ლიდერები ასევე გაეცნენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპლექსი, ქვეყნის მასშტაბით, საეკლესიო-სასულიერო და ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იქნება.
გარდა სამონასტრო კომპლექსისა, ტერიტორიაზე განთავსდება ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, ტრენინგცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.