“ჩვენი მიზანი ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებაა და ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, სწორედ ქარელის, გორისა და სხვა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონების სოფლების განვითარებაა საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ნაბიჯს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებს.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ქარელის მუნიციპალიტეტში – მხარეში, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მოსავლიანი მიწაა, თუმცა ვფიქრობ, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე – თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სამშობლოს სიყვარული, რომელსაც ასე ერთგულად იცავთ, სათუთად უფრთხილდებით და მომავალ თაობებს გადასცემთ. თქვენ ძალიან კარგად იცით და განსაკუთრებულად გრძნობთ, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს მტრის მხრიდან შენი მიწების მიტაცება – იმ მიწებისა, რომლებიც სულ ჩვენი იყო, ალბათ, ხშირი იყო მიმოსვლაც, დღეს კი ის სხვა სახელმწიფოს აქვს მიტაცებული. პირველ ყოვლისა, მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მშობლიური მიწის დაცვისა და გამძლეობისთვის. ვის, თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად გესმით, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ და ვაიპოლიტიკოსებმა, ამიტომ მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ნაბიჯს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ყველა მიმართულებით: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება.
„ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებულია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამები, რათა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რასაც 24-საათიანი მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ძლიერი გლეხი – ეს არის ძლიერი სოფელი, ძლიერი სოფელი- ძლიერი რაიონი და ძლიერი ქალაქი, ძლიერი ქალაქები კი – ძლიერი საქართველოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.