“კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ბათუმი არ ჩაიკეტება”

ბათუმში ინფიცირებულთა მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, რეგიონში საკარანტინე ზომების გამკაცრება და ჩკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

“ახლა ყველაზე მთავარია ამ პროცესების მართვა. მუნიციპალიტეტის მხრიდან უნდა მოხდეს უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარება. საჭიროა სრული მობილიზება და კონტროლი, ასევე, შესაბამისი ზომების დროულად მიღება”, – განაცხდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მერიაში გამართულ თათბირზე.

არჩილ ჩიქოვანმა ასევე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს მოუწოდა, მაქსიმალურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და რისკების პრევენცია.

“გვიახლოვდება სასწავლო წელი, შესაბამისად, გვმართებს ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების მიზნით. მიდგომები გამკაცრდება მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით, უფრო მეტად გაკონტროლდება საზოგადოებრივ სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეების გამოყენების წესი. პირველ ეტაპზე შემოწმდება საჯარო და კერძო სკოლები, ხოლო მომდევნო ეტაპზე – საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები. გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის, სამარშრუტო ტაქსების, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელების, სკვერებისა და პარკების, ატრაქციონების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ყველა მუნიციპალურ სამსახურს მოვუწოდებ, რომ გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები”, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ბულვარში განთავსებულ კარვებსა და ქალაქში არსებულ კონკრეტულ პოლიკლინიკებში უფასოდ ჩაიტარონ ტესტი, რათა არ მოხდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება.
არჩილ ჩიქოვანმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები