ლაშა ნაცვლიშვილი: მიშას გიჟივით უნდა ძალაუფლება და თან ზუსტად იცის, რომ არჩევნების გზით ივანიშვილს ვერ ამარცხებს, ამიტომ რჩება ერთდადერთი გზა – რევოლუცია

“არსებობს ერთი კაცი, რომელსაც თავისი ბუღალტერია აქვს და დანარჩენი ოპოზიციის რთული ინტეგრალები თუ ამომრჩევლის განწყობებიდან ამოყვანილი კვადრატული ფესვი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. ეს კაცი  მიხეილ სააკაშვილია. იგი ივანიშვილის მომხრე უმრავლესობაში არ თევზაობს, მისი არეალი  საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი უმცირესობაა”, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი, “ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ,,პრაიმტაიმთან” საუბრობს.

მისი თქმით, მიშას გიჟივით უნდა ძალაუფლება და თან ზუსტად იცის, რომ არჩევნების გზით, ვერც მარტო და ვერც დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, ივანიშვილს ვერ ამარცხებს, ამიტომ, რჩება ერთდადერთი გზა – რევოლუცია.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება რევოლუციას და აინუნში არ ჩააგდებს „უსაფრთხო პროტესტის” იდეოლოგებისა და აპოლოგეტების კრუსუნს.

,,პირველი წინაპირობა, რაც მიშას რევოლუციისთვის სჭირდება, არის უპირობო დომინაცია ოპოზიციურ ფლანგზე. არა უბრალოდ მყარი მეორე ადგილი – ეს მისთვის საკმარისი არ არის – მიშას პროგრამა-მინიმუმია, აიღოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ჯამურად აიღებს დანარჩენი ოპოზიცია, რასაც მათი სამომავლო, უსიტყვო მორჩილების ერთერთ მთავარ წინაპირობად მიიშნევს. ამ მიზნის მისაღწევად მიშა არათუ საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას დაარღევს და მორიგ დეკანოიძეს დააყენებს სადმე, არამედ დეკანოიძესაც კი დაუყენებს რომელიმე სალომე სამადაშვილს, რამდენიმე ხმით მეტის აღების შანსს თუ დაინახავს. მეორე წინაპირობა – არჩვენების გაყალბების, წინასარევოლუციო ისტერიისა და ხელისუფლების იოლად ჩამოშლის ილუზიის შექმნაა. ამისთვისაც მიშა ყველაფერს გააკეთებს, განსაკუთრებით, რეგიონებში – იქნება უხეში პროვოკაციები, ძალადობის ინსპირირება, სამხარეო თუ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან და „ოცნების” საარჩევნო შტაბებთან მივარდნები. თუ გაუმართლა – შევარდნებიც. ეს ხომ სიგიჟეა, იტყვით თქვენ და, რაციონალური ლოგიკიდან გამომდინარე, მართალიც იქნებით. მაგრამ მიშას მიაჩნია, რომ სწორედ თქვენ ხართ გიჟები, ვინც ასე არ ფიქრობთ”, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

,,ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის აზროვნებისა და, რაც მთავარია, მოქმედების ტიპი, პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი ფორმულა – გეომეტრიული პროგრესიით აღმავალი ესკალაციაა და ის ყველა შემთხვევაში წავა გამწვავებაზე. ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილი სხვა მეთოდს უბრალოდ არც ცნობს და არც იცნობს.

,,ისტერიული ესკალაციაა მისი  „მოდუს ოპერანტი” და ამ მეთოდს არც 2020-ის შემოდგომაზე უღალატებს – არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე, მიშა იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და მოუწოდებს თავის მომხრეებს რევოლუციისკენ. არც ეგზიტპოლი შეაკავებს, არც – ცესკო და არც – ეუთო და ოდირი. მას საკუთარი სცენარი აქვს და არავის დაგიდევთ”, – ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები