მიხეილ რამიშვილი: სახალხო დამცველმა მოგვცა პირობა, რომ ის შეხვდება გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს
“სახალხო დამცველმა მოგვცა პირობა, რომ იქნება რეკომენდაციები და ის პირადად შეხვდება გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რამიშვილი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის პოზიციასა და სიტყვას ექნება შედეგი.
„ჩვენ დეტალურად ვესაუბრეთ სახალხო დამცველს. ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ჩვენი უნდობლობა გამოძიების მიმართ და ჩვენ სახალხო დამცველისგან საკმაოდ დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ. მან მოგვცა პირობა, რომ იქნება რეკომენდაციები და ის პირადად შეხვდება გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. ის ჩვენ მოთხოვნებს განიხილავს გენერალურ პროკურორთან და აბსოლუტურად ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრებს. ვიმედოვნებ, სახალხო დამცველის პოზიციას და სიტყვას ექნება შედეგი და დროულად იქნება გამოყენებული კანონიერება, რაც ჩვენ მიგვიყვანს სამართლიანობამდე და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ამდენი ხანია, ველოდებით”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება პროკურატურის გეგმებისა და ყველა იმ კითხვის განხილვა, რაც ოჯახს აქვს.
„ძალიან დეტალურად მოვისმინე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის წუხილი გამოძიებასთან მიმართებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადვოკატთან ერთად გავეცნობით საქმის მნიშვნელოვან ნაწილსა და გარემოებებს, რომლებზეც დაზარალებულ მხარეს აქვს კითხვები. მე გამოვთქვამ სურვილს, რომ შევხვდე გენერალურ პროკურორს გამომდინარე იქედან, რომ გუშინ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება, რომ გვაძლევენ სრულ დაშვებას საქმეზე. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნება, ერთად განვიხილოთ, რა გეგმები აქვს პროკურატურას და განვიხილავთ ყველა საეჭვო გარემოებასა და ყველა კითხვას, რაც ოჯახს აქვს. ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა გამოეხმაურება ამ განცხადებას და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.