თამარ გაბუნია: საქართველო ეპიდემიოლოგიურად არის საიმედო

“ტესტირების შედეგად გამოვლენილი ინფიცირებულების პროპორციული რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად არის საიმედო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დავიცვათ წესები, ეს არის: დისტანცირება, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ, ტენდენცია გარკვეულწილად მერყევია, 23 შემთხვევა, 15 შემთხვევა და ეს ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს არაფერს საგანგაშოს. თუ შევხედავთ საერთო სურათს, ვნახავთ, რომ ტესტირების შედეგად გამოვლენილი ინფიცირებულების პროპორციული რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია, ანუ თუ ჩვენ დღეში ვატარებთ ხუთი ათასამდე ტესტირებას და აქედან 25 დასტურდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად არის საიმედო. ბევრი ქვეყანა ამ მაჩვენებელს სამ პროცენტამდე განიხილავს, აშშ-ში ხუთი პროცენტია. შესაბამისად, დღეს ჩვენ განსაკუთრებულ შემზღუდველ ღონისძიებებზე არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უნდა დავიცვათ წესები. ეს არის სამი ძირითადი წესი: დისტანცირება, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ტარდება აქტიურად ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა კარანტინის ზომები, აქტიური ტესტირება, სასწრაფოდ იზოლირება იმ ადამიანის, რომელიც იყო კონტაქტი ან არის დაავადებული და შემდეგ მკურნალობა. დღეს საავადმყოფოებში, დაახლოებით, 200-მდე ადამიანი რჩება. კიდევ  200 საწოლი არის მობილიზებული იმ შემთხვევისთვის, თუ დაგვჭირდება და, რა თქმა უნდა, ეს მექანიზმი უკვე აწყობილია, კლინიკების მობილიზაციის გამოცდილება არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები