გიორგი გახარია: აჭარაში წყალმომარაგება ყველაზე დიდი პრობლემაა, ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი კარგი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ქედაში ბევრი წამოწყება არის დასასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძეს წარუდგენა.
მისივე თქმით, აჭარაში წყალმომარაგება ყველაზე დიდი პრობლემაა და ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება.
„დიდი პატივია, ვიყო აქ. დაწყებული შუა სააუკუნეებიდან ქედა ვაჭრობისა და ქვეყნის განვითარების ერთერთი ცენტრი იყო. დღეს კი ქედა იქცა ბუნების, სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის, მეღვინეობოს უნიკალური ჯიშების, ტურიზმის განვითარების ცენტრად. სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს მომავლის იმედს უქმნით. თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი კარგი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ქედაში ბევრი წამოწყება არის დასასრულებელი. ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც ჯერ კიდევ აღელვებს აქაურ ხალხს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება არის ყველაზე დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა აქ მოგვარდება. გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა და უკვე მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და აქ ეს პრობლემაც თთოეულ ოჯახს უნდა მოვუგვაროთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ცენტრიდან სოფლებამდე გზები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგრამ სოფლებში შიგნით გზების მოსაწესრიგებლად თანხები გამოყოფილია და რეაბლიტაციაც დაიწყება. ბევრი რამ გაკეთდება, ქედის საშუალო სკოლის რემონტი, მუზემის, კულტურის სახლის რემონტი. ეს ყველაფერი კეთდება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვები, მათი განათლება, მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და მათი პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გლეხი გახდეს ფერმერი“, – განაცხადა გიროგი გახარიამ.