ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირება განახორციელა

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ონფორმაციის თანახმად, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირება განახორციელა.

„ერთერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაიგზავნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით”, – აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარის რეგიონში ბანერების განთავსებას, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული, ბათუმის მერიის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მერიის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და დაიწყეს ბანერების ჩამოხსნა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის” კი ერთ შემთხვევაში სცადა ეს ფაქტი მიეთვისებინა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა, ერთერთი ბანერი მათ ჩამოხსნეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და დეზინფორმაციაა.

ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის” ბანერები გამოჩნდა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართელოს” ლიდერები გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსს” აჭარაში განთავსებული ბანერის გამო „შმატრიოტებს” უწოდებს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები