„ჰაერიდან ვიღებდი მიკრობებს, რომელი ფერის კოლონიაც მომწონდა, ვამრავლებდი და ასე შეიქმნა პალიტრა ცოცხალი მიკრობებით“

ფლორისტი და მხატვარი ანი ციციშვილი, რომელიც მიკროორგანიზმებით ქმნის სურათებს, სახლში კი მინი ამაზონი გააშენა მარადმწვანე გვიმრებით…

აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული მაგისტრატურის ფაკულტეტზე სწავლობს, მეორე პროფესიით ფლორისტია.
მცენარეების მოვლაგაზრდა თავისით ისწავლა. ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, ამ საქმეს კი 15 წლიდან აქტიურად მისდევს. უნივერსიტეტშიც დამატებით მცენარეთა ბიოლოგიის საგნები. რაც შეეხება ჰობს, უამრავი აქვს – მებაღეობა (ბიო/ორგანული მეურნეობა), ხატვა, მატყლით თელვა, მუსიკა… მისი გატაცებაა – პიროგრაფია, ტყეებში სიარული, ცხოველების ფრინველების მოვლა.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ამბავი, რომ ცოცხალი მიკროორგანიზმებით ხატავს, 2018 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციის კონკურსზე  მისმა ნამუშევარმა  პირველი ადგილი აიღო. კონკურსში  38 ქვეყნის 200-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. ანი ციციშვილის პერსონა.

– ადგილი, სადაც გავიზარდე, ბებიის წყალობით მუდამ მწვანე იყო. გარდა იმისა, რომ მოჰყავდათ სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, იყო ბაღიც, რომელსაც პროფესიონალი არავინ უვლიდა, თუმცა მცენარეები ისე იყო დარგული, რომ როცა ერთი დაიყვავილებდა, მეორე იწყებდა ყვავილობას და ასე, მთელი წელი, მარტიდან დეკემბრამდე სულ რაღაც ყვაოდა ბაღში.
ბავშვობიდან ყველაზე მეტად მახსოვს ის მომენტები, როცა მშობლებს დავყავდი ტყეში, ხშირად ყოველ შაბათ-კვირას თბილისის შემოგარენში – ტყეში მივდიოდით,  ზოგჯერ, ისე სასეირნოდ, შემოდგომაზე კი – სოკოს საკრეფად. ვითომ ისეთი არაფერი, მაგრამ მაშინ  შემოდგომის ტყეში შეგროვებული გირჩები, სოკოები, ფერადი ფოთლები და რამდენიმე წამით დანახული კურდღელი და ზღარბი აქამდე ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად მომყვება.
სკოლის პერიოდი და მომავალი პროფესიის არჩევა…
– სახლში მშვიდი  ვითარების და მშობლებთან კარგი  ურთიერთობის  საპირისპიროდ, სკოლის პერიოდი არ ყოფილა სასიამოვნო, განსაკუთრებით – პირველი შვიდი წელი, ინტროვერტი ვიყავი. 16-17 წლამდე მეგობრები საერთოდ არ მყოლია, ამან განაპირობა ბუნებასთან და ცხოველებთან ჩემი დაახლოება, ასევე ხატვის და სხვა საქმიანობების შესწავლა.
რადგან ვერავისთან ვთამაშობდი, თავს ხატვით, ძერწვით, მუსიკით, ტოტებისგან თოჯინების კეთებით ან ცხოველებთან თამაშით ვირთობდი. ცხოველებიც სულ გვყავდა სახლში, ძაღლი და კატა თუ არა, ქათამი მაინც. ქუჩაში ხშირად მიპოვია უსუსური კნუტი ან ლეკვი და ამომიყვანია სახლში, მოგვივლია და მერე გაგვიჩუქებია.
მინდოდა, მეტი შემძლებოდა ამ ცხოველებისთვის, ამიტომ  ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში,  ვეტერინარიაზე, საკმაოდ გამომადგა ამ მხრივ ის, რაც მასწავლეს.
ამბობთ, რომ მცენარეების მოვლა-გაზრდა თქვენით ისწავლეთ 15 წლიდან… გაქვთ დიდი ლამაზი ბაღი, სადაც უამრავ მცენარეს უვლით… რომელი მცენარეების მოვლა და გაზრდა გიყვართ ყველაზე მეტად და რატომ?
– სათბურში ყველაზე მეტი გვიმრაა, ყველაზე მეტად მიყვარს იმიტომ, რომ მთელი წელი ხასხასა მწვანე ფერი აქვს, არ აქვს ყვავილი, დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი მცენარეა, რომელიც 400 მილიონი წლის წინ წარმოიშვა და 10 000-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ბავშვობაში სკოლიდან მახსოვს ეს მცენარე, მუსიკის ოთახში იდგა ძალიან დიდი და მწვანე. მთელი გაკვეთილი მას ვუყურებდი ხოლმე. ასევე ბონსაის (იაპონური ჯუჯა ხეების) გაზრდასაც ვსწავლობ, თუმცა ეს ძალიან დიდი, ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელსაც შედეგის მისაღწევად მინიმუმ 15 წელი სჭირდება.
ხატავთ, მატყლით თელვას მისდევთ… ხშირად ხატავთ ქვეცნობიერს და ამბებს სიზმრებიდან… თუ გქონიათ შემთხვევა, რომ რეალურად შეგხვედრიათ სიზმარში ნახული?
– ძალიან პატარა ასაკიდან ვხატავდი. ჩემი სიზმრები და ნახატები ხშირად ეხება არარეალურს, არამატერიალურს, ყოფილა შემთხვევა, როცა პარალელი გამივლია,  მაგრამ ასე რეალურად სიზმარში ნანახი ვერ შემხვდებოდა.

რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით საინტერესო ისტორიით?
– ჩემი ნახატებიდან ყველაზე უცნაური, რაც გამიკეთებია, ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმებით ხატვა, რაც გულისხმობს შემდეგს: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გარშემოში არის უამრავი ბაქტერია, სოკო და სხვა მიკროორგანიზმები.
როდესაც ეს მიკროორგანიზმი შესაბამის საკვებ არეზე (ჟელატინისებრი გამჭვირვალე მასა) მოხვდება, იწყებს გამრავლებას და წარმოქმნის მიკროსკოპის გარეშე თვალით ხილულ კოლონიებს. მიკრობის სახეობებიდან გამომდინარე, ეს კოლონიები სხვადასხვა სტრუქტურის და ფერისაა. შესაბამისად, მე ჰაერიდან ვიღებდი მიკრობებს, რომელი ფერის კოლონიაც მომწონდა, ცალკე ვამრავლებდი და შევქმენი პალიტრა ცოცხალი მიკრობებით.

გამარჯვებული ნახატი – ცოცხალი მიკროორგანიზმებით შექმნილი

ყველა მიკრობი, რომელსაც ვიყენებ, არაპათოგენურია, ანუ ადამიანისთვის უსაფრთხოა. მაგალითად, წითელი ფერის საფუარები, თეთრი სტაფილოკოკები… ამის შემდეგ დავიწყე ხატვა ამ მიკრობებით საკვებ არეებზე.  თავიდან ნახატი არ ჩანდა, უბრალოდ გამჭვირვალე მიკრობიოლოგიური მარყუჟის კვალი ეტყობოდა, 2-3 დღეში, სპეციალური პირობების შექმნის შემდეგ, ნახატი იწყებდა ზრდას და ცოცხლდებოდა.
მიკრობიოლოგიური ხელოვნება მსოფლიოში ცნობილი მიმართულებაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკურსსაც კი ატარებს ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაცია, 2018 წელს ჩემმა ნამუშევარმა აიღო პირველი ადგილი, კონკურსში  38 ქვეყნის 200-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. ალბათ ეს არის  ჩემი ყველაზე უცნაური და განსაკუთრებული ნამუშევარი.
პიროგრაფია გიტაცებთ...
– პიროგრაფიით ალბათ 3  თვეც არაა, რაც დავინტერესდი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახლში ყოფნა საკმაოდ მოსაწყენი იყო. მიუხედავად  ბევრი საქმისა და არსებული რამდენიმე ჰობისა, მომინდა რაღაც ახლის ცდა, გარდა ამისა, ახალი ჰობი ყოველთვის სასიამოვნოა, როგორც ბავშვს უხარია ახალი სათამაშო. ადრე რომელიღაც სოციალურ ქსელში მქონდა ნანახი პიროგრაფიით შექმნილი ნამუშევრები და ძალიან მომწონდა.
ზუსტად კარანტინის შემდეგ კი ჩემმა მეუღლემ იპოვა თავისი ძველი ხეზე ამოსაწვავი აპარატი, ძალიან გამიხარდა და პირველი ნამუშევრები ეზოში ნაპოვნ ფიცრებზე შევასრულე, რომლებიც ჩემით გავქლიბე, დავხერხე და დავამუშავე.
იმის გამო, რომ ჯერ ძალიან ცოტა ნამუშევარი მაქვს, ალბათ განსაკუთრებით ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ.
გიყვართ ბუნება,  ცხოველები და ფრინველები, დადიხართ ტყეში… ალბათ შიშიც არ გაქვთ ცხოველების… რა შეცვალა ბუნებასთან სიახლოვემ თქვენს ცხოვრებაში?
– კი, საკმაოდ ხშირად დავდივარ კარვით ტყეში, არაფრის არ მეშინია, ვგულისხმობ გველებს, მწერებს, ხოჭოებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ადეკვატურობის ფარგლებში. თუ ვთქვათ, დათვს დავინახავ ან შხამიან გველს, ბუნებრივია, გავერიდები და ხელში აყვანას არ ვეცდები. დაახლოებით ვიცი, რა ადგილას ბინადრობენ რეალურად საფრთხის შემცველი ცხოველები და მათ ტერიტორიაზე უბრალოდ არ მივდივარ.
ბუნებასთან სიახლოვემ არ შეცვალა ჩემი ცხოვრება, უფრო ჩამოაყალიბა ის, ანუ მის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. ჩამომიყალიბა ემპათიის, ყველა ცოცხალი ორგანიზმის პატივისცემის უნარი. ბევრად მეტი რამ მომცა ამ ყველაფერმა. ვერც ჩამოვთვლი ალბათ ასე.
რომელი მუსიკის მოსმენა გიყვართ?
– რომ ვთქვა მძიმე,  გოთურ  მეტალს და როკს-მეთქი, ბევრს გაუკვირდება ალბათ, მაგრამ ასეა ყველაზე ხშირად. ასევე კლასიკასაც, რადგან პირველი კლასიდან მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი და ძალიან მიყვარს ფოლკი – ძირითადად სკანდინავიური ან ევროპული ხალხური მუსიკა, ძალიან ძველი, რომელიც ჯერ კიდევ წარმართობის პერიოდში შეიქმნა. ვუსმენ სულ, ხატვის სწავლის, სიარულის, დასვენების დროს.
ერთგან გიწერიათ, რომ სახლში გაქვთ „ამაზონის ნაგლეჯი“…  და როგორ გააშენეთ ეს ამაზონი? ანდა – ბაღი შუშაში, რომელშიც ცოცხალი მცენარეებია?

მინი ბაღი შუშაში, ცოცხალი მცენარეებით

– ამაზონი იმიტომ, რომ სათბურში ძირითადად ტროპიკული ტენიანი ტყის კლიმატის მცენარეებია, ბევრი ისეთი, რომელიც წარმოშობით ამაზონის ჯუნგლებიდანაა. კონკრეტულად ამაზონის განსაკუთრებული სიყვარულის გამო არა, უბრალოდ ტროპიკებია განსაკუთრებით ფერადი და მარადმწვანე ჩემთვის.
სეზონურ მცენარეებს და ტყის სისტემებს თავისი უნიკალური სილამაზე აქვთ, მაგრამ  მარადმწვანე მცენარეები რაღაც განსაკუთრებულია, მით უფრო ზამთარში, როდესაც არანაირი სიმწვანე არაა გარშემო – ყველაფერი ნაცრისფერი ან თეთრია. ასეთ ნაცრისფერ ზამთრებში ეს მარადმწვანე თბილი ტროპიკები ზოგჯერ ძალიან მჭირდება.
როგორი მოვლა – გარემო უყვართ  მცენარეებს… თავად როგორ უვლით მათ?
– ყოველთვის ვცდილობ, მცენარეებს შევუქმნა ის გარემო, რომლიდანაც ისინი არიან წარმოშობით – დაწყებული ნიადაგით დამთავრებული ჰაერის ტენიანობით. რომ არ გახმეს, საკმარისია ნორმალური ნიადაგი, წყალი და განათება, მაგრამ იმისთვის, რომ გაიზარდის დიდი ჯანსაღი მცენარე, როგორიც ის მისთვის დამახასიათებელ გარემოშია, ამისთვის ყველა მცენარეს ძალიან კონკრეტულად ვურჩევ ნიადაგს, სასუქს, ვუკონტროლებ მორწყვას და ჰაერის ტენიანობას, მაქსიმალურად ვუქმნი თავის სახლს. გვიმრებს ტროპიკებს კაქტუსებს კი – უდაბნოს.
რაზე ოცნებობთ?
– რთული სათქმელია, რაზე ვოცნებობ. თუ ჩვეულებრივ რეალისტურ ყოფით ოცნებაზე ვსაუბრობთ, მაშინ – მოგზაურობაზე, დიდწილად არ აქვს მნიშვნელობა სად, მთავარია ადამიანებთან, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანნი არიან და თავგადასავლები.
მოგზაურობების მოგონებები არის ის, რასაც ვერასდროს ჩავანაცვლებთ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ნათელი მოგონებები, რომლებიც რაც უნდა მოხდეს, გამახსენდება და გამაღიმებს. ხოლო თუ ვისაუბრებთ ცოტა „ფრთიან“ არარეალურ ოცნებებზე,  ამ შემთხვევაში მინდა მთლიანად სამყაროს შეცნობა. მინდა ვიცოდე ის, რისი ცოდნაც ამ ეტაპზე ჩვენი,  კაცობრიობის, მიღწევებით შეუძლებელია.
სამომავლო გეგმები...
– სამომავლო გეგმები, ძირითადად, პროფესიული  და პიროვნული განვითარებაა, რაც ერთდროულად ბევრ რამეს მოიცავს და გულისხმობს, თუმცა ასე გეგმების სახით თითქმის არაფერი გამიწერია, გარდა აუცილებელი სამუშაოსი. მოულოდნელობებით ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე გეგმა-გრაფიკით გაწერილი რუტინა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები