სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის წარმომადგენელთა ხელშეწყობის პროექტები და ინიციატივები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” მიმდინარე წლის გამარჯვებულების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ,პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ. მიმდინარე წელს კონკურსის შედეგად მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ღონისძიებაზე დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა დიასპორის წარმომადგენლების, დიასპორული ორგანიზაციებისა და ქართული სამრევლოების მიერ პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამემამულეების პრობლემების დაძლევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, რაც მინისტრის შეფასებით „მიუთითებს ქართული დიასპორის მაღალ თვითშეგნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე”.
„პანდემიის აფეთქებამ ქვეყნების უმრავლესობა, გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დააყენა, რის გამოც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების უდიდესი ნაწილი მოულოდნელი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. სახელმწიფომ მყისიერად დაგეგმა და განახორციელა რიგი ღონისძიებებისა, რითაც მოხერხდა ჩვენი მოქალაქეებისათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა და ხშირ შემთხვევაში – მძიმე შედეგების თავიდან აცილება. საზოგადოებას კარგად ახსოვს ჩვენი უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა და 24 საათიანი, თავდაუზოგავი მუშაობა თანამემამულეების დასაცავად, რასაც აქტიურად აუბა მხარი უცხოეთში ჩვენმა დიასპორამ.”-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალინის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო, ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტების განხორციელებას.
საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს, აღნიშნული პროექტი ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული ვითარების შემდგომ ეტაპზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და დიასპორული ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობაზე იყო ორიენტირებული.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა კვლავაც გაგრძელდება, რისი მაგალითიც გახლავთ კიდევ ერთი მნიშნელოვანი პროექტი – უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის დასასრულს იგეგმება. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაეხმარება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილ პროექტებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებთან ქართული დიასპორის კიდევ უფრო დაახლოების, მათთვის საქართველოში ბიზნესის დაწყება-განვითარების და ინვესტირების არსებული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით უახლოეს მომავალში უცხოეთში ბიზნესის სფეროში მოღვაწე დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობით ბიზნეს ფორუმის გამართვა
იგეგმება.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ბიზნეს ფორუმი პირველად ტარდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირისა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მათი აქტიური ჩართვის სურვილზე. „- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებას, საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე, განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტის აქტიური და ქმედითი ჩართულობა პროგრამის ყველა ეტაპზე.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სამთავრობო უწყებების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ წელს საგრანტო პროგრამის კონკურსში წარდგენილ იქნა 87 განაცხადი 29 ქვეყნიდან. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ხმათა უმრავლესობით გამოავლინა 45 გამარჯვებული 19 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, აშშ, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, მალტა ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, უკრაინა, შვედეთი, ჩინეთი).
„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და იგი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა ხელშეწყობას ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სახალხო დიპლომატიის განვითარების და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების პროცესში. პროექტი საშუალებას აძლევს თანამემამულეებს გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.