იუსტიციის მინისტრმა რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათში გახსნა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ბაღდათში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე ესწრებოდნენ.

ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურასა და ვანში.

საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების – დიმის, ვარციხის, ზეგნის, პირველი და მეორე ობჩის, ნერგეეთის, როკითის, როხის, საკრაულის, ფერსათის, წითელხევის, ხანის და სხვათა – 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, კახიანის ქუჩაზე აშენდა.

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.

ბაღდათის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის –„სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა. პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 21 აგვისტოს ამბროლაურში გამართა.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

ცენტრში, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს – ადგილიდან გაუსვლელად პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა. ადგილობრივების სადღესასწაულო განწყობაზე, ღონისძიების წამყვანთან ერთად, გასართობი შოუპროგრამის თანხლებით ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს; გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, კონცერტი გაიმართა.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულსა და ჩოხატაურში – გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები