სახელმწიფო საგრანტო პროექტის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა

სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.

უწყების ცნობით, კონკურსში გამარჯვებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების გამოცხადების ცერემონია მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები, კონკურსში გამარჯვებული დიასპორელები.

მიწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს სამთავრობო უწყებების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართოდ გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა. 2020 წლის კონკურსის ფარგლებში 87 საპროექტო წინადადებიდან, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 70 განაცხადი, მათგან სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა 44 გამარჯვებული. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და იგი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა ხელშეწყობას ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სახალხო დიპლომატიის განვითარების და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების პროცესში. პროექტი საშუალებას აძლევს თანამემამულეებს, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები