ანრი ოხანაშვილი საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის მიღების 25 წლისთავს ულოცავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის მიღების 25 წლისთავს ულოცავს.
“საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას, ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი განვითარების ქვაკუთხედი და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებების, დაცვის საწინდარია.
ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის მმართველობის ბევრად დემოკრატიული მოდელის განმტკიცებასა და შემდგომ განვითარებაში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა, ქართული ოცნების გუნდის მეშვეობით, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
შედეგად, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს,”- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის მომზადებისთვის თავის კოლეგას, ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის.