ნათია თურნავა: „ბახვი ჰესის” პროექტი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია

„დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ინვესტორთან, ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის – „ბახვი 1″ -ის მშენებლობას ითვალისწინებს”,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის” აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიასთან” მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
“ესაა 12 მგვტ. სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: ჯერ ერთი, ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც კოვიდ-ს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი”,-აღნიშნა მინისტრმა.
​მემორანდუმზე ხელმოწერა სასტუმრო „რუმსში” გაიმართა და მას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას” მმართველმა დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ მოაწერეს. ხელმოწერას აშშ – ის ელჩი საქართველოში კერი დეგნანიც დაესწრო.
მინისტრმა საქართველოში „ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის” საქმიანობა დადებითად შეაფასა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც, „ბახვი 1″ – ის პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი გააჩნია”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები