თბილისის მერია: ნაძალადევი ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანს ერთმანეთზე ზრუნვა აერთიანებს
“მწვანე სივრცეების და საპარკე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია”,- ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ინფორმაციაში საუბარია 85 წლის მაყვალა მულაღაშვილზე, რომელიც ნაძალადევში დასასვენებელი სივრცის მოწყობის აქტიური მხარდამჭერი იყო.
“ეს ნაძალადევია, ზღვისუბანი, თემქა, როგორც ადრე უწოდებდნენ, თბილისის ერთერთი ყველაზე მწვანე დასახლება.
შესაბამისად, მწვანე სივრცეების და საპარკე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მაყვალა მულაღაშვილი ზღვისუბნელია. იგი მე-4 მიკრორაიონის N5 კორპუსში ცხოვრობს. დამსახურებულმა შრომის ვეტერანმა ცოტა ხნის წინ 85 წლის იუბილე იზეიმა. ქალბატონი მაყვალა თბილისს 36 წელი თავდაუზოგავად ემსახურა, ამჯერად კი საკუთარ ძალისხმევას თავის უბანს ახმარს.
კორპუსის მიმდებარედ ავტოსადგომად გადაქცეული ტერიტორიის ნაცვლად, დასასვენებელი სივრცის მოწყობის აქტიური მხარდამჭერი და ერთერთი მთავარი ინიციატორი სწორედ მაყვალა ბებო იყო. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, თითქმის ყოველდღე რეკავდა ნაძალადევის გამგეობაში, კითხულობდა, დასრულდა თუ არა სკვერის პროექტირება. როდესაც ახალი სკვერის პროექტს გაეცნო, დასრულდა მისი ნერვიულობა.
შემდეგ, სკვერში მიმდინარე სამუშაოებს ყოველდღიურად ფანჯრიდან აკონტროლებდა. კმაყოფილი იყო შემსრულებლების მონდომებით, თუმცა შენიშვნებიც ჰქონდა. მისი ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და ზუსტად ისეთი პროექტი გამოვიდა, როგორიც უნდოდა.
ახლა მაყვალა ბებოს ფანჯრიდან დამტვრეული საქანელებისა და ავტოსადგომის ნაცვლად, კეთილმოწყობილი და გალამაზებული სივრცე ჩანს. სიცოცხლით სავსე გახდა იქაურობა, ბავშვების ჟრიამულის ხმა გვიანობამდე ისმის.
ეს ნაძალადევია, სადაც ყველა თაობის ადამიანს ერთმანეთზე ზრუნვა აერთიანებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.