“გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სააგენტო Fitch-ის მიერ, საქართველოს რეიტინგი უცვლელად შენარჩუნდა, რაც საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს”

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება და რჩება. ჩვენ, ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით, ერთობლივი მუშაობა, ბრძოლა მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ 2020 წელი და 2019 წელი დავასრულეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები. ეს გვაძლევს  შესაძლებლობას, რომ სწრაფად გამოვიდეთ და  კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის და ქართული ეკონომიკისთვის. ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, ჩვენი ძირითადი მიზანი  ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რაც სასიხარულოდ, აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სააგენტო Fitch-ის მიერ, საქართველოს რეიტინგი უცვლელად იქნა შენარჩუნებული. ხაზგასმით ვამბობ, რომ გლობალური კრიზისის პირობებში.  ასეთი ქვეყანა ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც  ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ.​
​Fitch-ის პროგნოზით, ფაქტობრივი ეკონომიკური ვარდნა 2020 წლის, დაახლოებით 4.8 პროცენტი გვექნება, ხოლო 2021 წლიდან Fitch-ი უკვე პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებელს, 4.5 პროცენტის ფარგლებში. აქ, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ, ნამდვილად, ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. მიზანი მარტივია, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მინიმალური ზიანი ეკონომიკას და ეკონომიკა მოვამზადოთ და გვყავდეს ისეთ ფორმაში, როდესაც პოსტიკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები. ჩვენ ეს ყველას ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ. აქ მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად, არ დაგვავიწყდეს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, იმისთვის, რომ საინვესტიციო და ბიზნესგარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო უკეთესი. Fitch-ის რეიტინგის შენარჩუნება არის ძალიან ძლიერი მესიჯი საინვესტიციო გარემოსთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და აქვს სწრაფი აღდგენის პერსპექტივები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები