“საქართველოსთვის შეფასების უცვლელად დატოვება მიანიშნებს იმ პოლიტიკის სისწორეს, რასაც ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს რეფორმებისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით”

„საქართველოსთვის შეფასების უცვლელად დატოვება მიანიშნებს ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომიკური ინსტიტუტების მდგრადობას, იმ პოლიტიკის სისწორეს, რასაც ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს რეფორმებისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით”,- განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავასა და ეკონომიკური კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ფიტჩის“ რეიტინგი ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ. სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას, ეროვნული ბანკის გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ღონისძიებებმა კი ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ხოლო შეზღუდულმა სავალუტო ინტერვენციებმა შეარბილა სავალუტო კურსის მერყეობა.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება ასახავს იმ პოტენციალს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აქვს.
„ტურიზმის სფეროში პანდემიის შედეგად გამოწვეული დროებითი სირთულეების დაძლევის შემდეგ, ჩვენ გვექნება საშუალება არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ და წინ წავიწიოთ აღნიშნული რეიტინგის მიმართულებით“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები