“მზად ვართ, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც, პანდემიის დროსა და მის შემდგომ პერიოდში, სამინისტროს მხრიდან სტუდენტთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის მოწყვლადი ჯგუფების 13 კატეგორია განსაზღვრული, რომელთათვის გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული, 100%-იანი სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება.

„პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან სამინისტრომ განსაზღვრა ყველა ის საჭიროება, რომელიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. რეალურად იცით, რომ ეს გახლდათ გამოწვევა როგორც განათლების სისტემის, ასევე მთელი საზოგადოების წინაშე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველი დღიდან თანამშრომლობს თითოეულ უნივერსიტეტთან. მინისტრის ინიციატივით გაიმართა რექტორთა საბჭო, სადაც განისაზღვრა ის გადავადების სქემები და გრაფიკები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეზე ითვალისწინებდა საჭიროებებს და გაზაფხულის სემესტრში ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო უნივერსიტეტების მხრიდან – როგორც მოგეხსენებათ, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება.

სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის მოწყვლადი ჯგუფების 13 კატეგორია განსაზღვრული, რომელთათვის გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული, 100%-იანი სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ეხება სახელმწიფოს მხრიდან, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას.

დღეს გაიმართა შეხვედრა სტუდენტების წარმომადგენლობით ჯგუფთან, რომლის დროსაც მომავალი თანამშრომლობის გეგმა დავსახეთ. ჩვენი მხრიდან იქნება გათვალისწინებული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე და რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას, პანდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათების გაწევას, დახმარებასა და მათ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან.

განათლების სამინისტრო გახსნილია ყველასთვის და მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ეფექტური ღონისძიებების გატარებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები