„Fitch-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას და დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე”

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB” დონეზე უცვლელად დატოვების შესახებ. უცვლელია ასევე რეიტინგის პერსპექტივაც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, აღნიშნული ნათლად ასახავს სააგენტოს პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციების და მმართველობის მიმართ.
მისივე განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მხარდაჭერილია „BB” კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი, ინსტიტუციური სიძლიერით და მმართველობის მაღალი ხარისხით.
„სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ წარმოებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდეგ, რომელიც აპრილში განხორციელდა, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, სააგენტომ გააუარესა არაერთი, მათ შორის წამყვანი ეკონომიკის პერსპექტივა ან შეამცირა საკრედიტო რეიტინგი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
შეფასებაში აქცენტია გაკეთებული საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც პროგრამის გახანგრძლივება 2021 წლის აპრილამდე, Fitch-ის შეფასებით ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას და დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები