ეკატერინე დგებუაძე: რეკომენდაციების ფარგლებში, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი

“დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს რეკომენდაციების ფარგლებში სასწავლო პროცესი. მას შეუძლია, თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილისა და შესვენებების ხანგრძლივობა და საჭიროების შემთხვევაში – სასწავლო ცვლები”, -აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები საზოგადოებას გააცნო.

„დღეს ჩვენ მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება და მოსწავლეები შეძლებენ, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის.

მოგეხსენებათ, სკოლებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. ეს არის მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვ. სწორედ აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები. პირველ ყოვლისა, სანიტარია-ჰიგიენის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლისთვის სწავლის დაწყებამდე უზრუნველყოფს დეზინფექციისა და თერმოსკრინინგისთვის საჭირო საშუალებებით აღჭურვას. გარდა ამისა, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს რეკომენდაციების ფარგლებში სასწავლო პროცესი. მას შეუძლია, თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილისა და შესვენებების ხანგრძლივობა და საჭიროების შემთხვევაში – სასწავლო ცვლები.

არის სკოლები, სადაც 1-დან 50 ბავშვამდე სწავლობს და არის სკოლები, სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა. ასევე, გვაქვს 1800-ზე მეტი ერთცვლიანი სკოლა და 200-ზე მეტი ორცვლიანი. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებში გათვალისწინებულია მათი საჭიროებები. სკოლებისთვის სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საკლასო ოთახში ჩატარდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაიგეგმოს ცვლები სხვადასხვა მოდელის მიხედვით. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას შაბათი დღე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს შენობები.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ პირს, რომელიც ამ რეკომენდაციების მომზადებაში იყო ჩართული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ როგორც საჯარო, ისე  – კერძო სკოლის დირექტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, UNICEF-თან”, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები