გია ვოლსკი: პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ საქართველოს საერთაშორისო დონეზე სახელი შეულახოს

“პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს სახელი შეულახოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, ქართული საზოგადოება თავისი პოზიციით ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოში არავისზე ნაკლები დემოკრატიული სტანდარტის მქონე არჩევნები და პროცესები არ მიმდინარეობს.

„რასაკვირველია, ზუსტად იგივე გზავნილებია, რასაც ჩვენი ხელისუფლება ქადაგებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო. დამოუკიდებლობის ინდექსს თუ გადახედავთ, მიხვდებით, თუ რამხელა პროგრესია გაკეთებული იმ სასამართლოდან, როდესაც გამამართლებელი განაჩენი იყო 0.01%-ის ფარგლებში. თუკი ამ მაჩვენებლებს გადახედავთ და ვითარებას შეაფასებთ, მიხვდებით, რაზე მეტყველებს ეს ინდექსი. ეს ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო გამოვიდა დაქვემდებარებიდან და შეკვეთებიდან, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა, ეს ვითარება აღარ არის. რაც შეეხება არჩევნების დემოკრატიულად, გამჭვირვალედ ჩატარებასა და ყველა სტანდარტის დაცვას – ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხი უნდა გაეცეს იმ ბრალდებებს, რომელიც პოლიტიკური სპექტრის ერთ ნაწილს გააჩნია და რომელიც მუდმივად საერთაშორისო დონეზე ცდილობს, რომ საქართველოს სახელი შეულახოს. ამასთან დაკავშირებით სწორედ ასეთი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არის და კიდევ ერთხელ ღირსეულად წარდგება თავისი პოზიციით და ხაზს გაუსვამს, რომ საქართველოში საერთაშორისო დონეზე არავისზე ნაკლები დემოკრატიული სტანდარტის მქონე არჩევნები და პროცესები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში – Georgia and its Neighborhood, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები