„სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ ფერმერებს არ დარჩეთ ჩაუბარებელი მოსავალი და გაწეული შრომისთვის ანაზღაურება მიიღონ“
„სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ ფერმერებს არ დარჩეთ ჩაუბარებელი მოსავალი და გაწეული შრომისთვის ანაზღაურება მიიღონ“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“დღეს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშემწყობ ღონისძიებებს უკავშირდება. განხორციელდება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინაც გვქონდა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი არის საკმაოდ დიდი და წელს, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლს, მთავრობა, საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს.
წელს მსოფლიოში ვაშლის მოსავლის მოლოდინი არის ძალიან მაღალი. იმისათვის, რომ ფერმერებს ჩაუბარებელი არ დარჩეთ საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც გულისხმობს 10 თეთრიან სუბსიდირებას 1 კილოგრამ ვაშლზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები, მინიმუმ, 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, მიიღებენ 10 თეთრის კომპენსაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩაუბარებელი არ დარჩეს მოსავალი და ფერმერებმა ანაზღაურება მიიღონ.
მთავრობის გადაწყვეტილება არის მასტიმულირებელი მექანიზმი კომპანიებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე, არ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ შესყიდვებში და ეს განახორციელოს გადამმუშავებელმა კერძო კომპანიებმა, რომლებიც, ძირითადად, ვაშლის წვენის კონცენტრანტს აწარმოებენ. კონცენტრატი საექსპორტო პროდუქტია და ევროკავშირის ქვეყნებში გადის. კომპანიებს ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტს დავუფინანსებთ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო კრედიტი არ იქნება 16 %-ზე მეტი. ჩვენ დავაფინანსებთ ნახევარს, 8 %-ს. ასეთივე მიდგომაა იმ შემთხვევაშიც, თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.
პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე, სეზონი დაიწყება სექტემბრიდან. ჩვენ მობილიზებული გვეყოლება სამუშაო-საორგანიზაციო შტაბი გორის მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებულია 10-მდე გადამმუშავებელი ქარხანა. პროცედურები დაახლოებით ისეთივეა, როგორც რთველის შემთხვევაში. კომპანიებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ უწყვეტი ინტერნეტკავშირი და ვიდეოკამერები, იმისთვის, რომ მოხდეს პროცესის მაღალ დონეზე, ორგანიზებულად ჩატარება და კონტროლი”,-განაცხადა მინისტრმა.