“უმჯობესი იქნება, ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადავადდეს – 30 მილიონზე მეტი შეღავათი 24 000 ავტომფლობელს შეეხება”
“უმჯობესი იქნება, რომ ავტომობილების განბაჟება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს მისცა და აღნიშნა, რომ ავტოიმპორტიორების მხრიდან რამდენჯერმე იყო შესაბამისი მომართვა და მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა.
„კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავავადეთ ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ კიდევ გადავდგათ და გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი 24 000 ავტომფლობელს შეეხება.
„რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე, საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეეხება, დაახლოებით, 24 000 ავტომფლობელს და ეს არის, დაახლოებით, საგადასახადო გადავადების 30 მილიონზე მეტი შეღავათი. ეს აუცილებელია რამეთუ ჩვენს, ჩვენს ავტოინპორტიორებს მივეხმაროთ და ეს ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.