პაატა იმნაძე: მესტიის მსგავსი ლოკაციები თუ რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, ამიტომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია
“მინდა, კარგად იცოდეთ, რომ მესტიის მსგავსი ლოკაციები თუ რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მინდა, კარგად იცოდეთ, რომ თუ მესტიის მსგავსი ლოკაციები ქვეყანის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში ჯერ არ ჩანს ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება. იქ ვითარება გაცილებით კონტროლებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაში. ის 1 000 სინჯი, რომელიც გუშინ ავიღეთ, რეალურად გვაჩვენებს, რა სიტუაციაა მესტიაში.
საქართველოში ყველგან, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტე ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის – რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება, გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები – ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობისას. ამაზე იქნება დამოკიდებული, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“, – განაცხადა იმნაძემ.