საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს “არემჯის საზაფხულო სკოლა” უმასპინძლებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აგვისტო-სექტემბერში „არემჯის საზაფხულო სკოლა“ უმასპინძლებს.
აღნიშნული პროექტი სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტისათვის ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს და ის წელს მესამედ ხორციელდება.
„არემჯის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველ წელს იზრდება პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. წინასწარ შევსებული აპლიკაციების საფუძველზე, წელს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 30 სტუდენტი შეირჩა. აღსანიშნავია, რომ 17 მათგანი ადგილობრივია.
პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნისა და „არემჯის საზაფხულო სკოლაში“ გავლილი საწარმოო პრაქტიკის შემდეგ, სამთო მრეწველობისთვის მიმზიდველ კადრებად ჩამოყალიბდებიან.
გიორგი ჩხეიძე „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების საკითხებში:
„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს „საზაფხულო სკოლის“ ფორმატში უკვე მე-3 წელია, რაც ვთავაზობთ თანამშრომლობას. მოხარული ვარ, რომ პროექტში ჩართული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თავიანთი სპეციალობების მიხედვით, სტუდენტები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდებიან. მათ შორის მადნეულის და საყდრისის კარიერებზე, სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში, გროვული გამოტუტვის უბანზე, გეოლოგიურ და გეოტექნიკურ სამსახურებში, ასევე რევერსული ბურღვის უბანზე. ეს ის სპეციალობებია, რომლებსაც სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტში ეუფლებიან და რომლებიც ჩვენ კომპანიაში პრიორიტეტულია. „არემჯის საზაფხულო სკოლის“ პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ, ახალგაზრდებმა ზუსტად იციან ჩვენი საწარმოს სპეციფიკა და აქვთ ის პრაქტიკული უნარები, რომელიც მათ უმაღლესის სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ჩვენი კომპანიისა და ზოგადად სამთო მრეწველობის დარგისათვის მიმზიდველ კადრებად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.“
ნათია მექუდიშვილი სამთო გეოლოგიური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი:
„არემჯის საზაფხულო სკოლის შესახებ ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე. დიდი სურვილი მქონდა მოვმხვდარიყავი საზაფხულო პრაქტიკებზე, ამიტომ გამოვაგზავნე ჩემი პირადი მონაცემები. ვფიქრობ, ჩვენი პროფესიისათვის პრაქტიკული სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული დრო ძალიან წამადგება ჩემს პროფესიულ განვითარებაში.“
ირაკლი ჯაყელი, სამთო გეოლოგიური მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტი:
„პროფესიის არჩევის დროს ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ ადგილობრივი ვარ. გასულ წელს საზაფხულო სკოლაში ჩემი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც მირჩიეს პროექტში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ სკოლა გაამართლებს ჩემს მოლოდინებს და გეოლოგიის საწყისებს, რაც პირველ კურსზე თეორიულად გავიარე უფრო გასაგებს და ხელშესახებს გახდის ჩემთვის.“