ევროკავშირმა რვა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა

“ევროკავშირმა რვა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმებები აღნიშნულ ქვეყნებს კორონავირუსის კრიზისის დროს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში დაეხმარება.

“დღეისთვის ევროკომისიამ (ევროკავშირის სახელით) რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. ეს შეთანხმებები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

პროგრამების მიმდინარეობა და მათი სწრაფი განხორციელება ამ ქვეყნებისადმი ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა დღევანდელი უპრეცედენტო კრიზისის დროს.

ურთიერთგაგების მემორანდუმები უკვე შეთანხმებულია ალბანეთთან, იორდანიასთან, კოსოვოსთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, საქართველოსთან, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასათან. ოთხ ქვეყანასთან: კოსოვო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა   მემორანდუმები უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ხოლო  ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ტუნისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ურთიერთგაგების მემორანდუმები ავალდებულებს დახმარების მიმღებ ქვეყნებს (ბენეფიციარებს), რომ მეორე ტრანშის მისაღებად განახორციელონ გარკვეული საქმიანობა  სექტორული პოლიტიკის სფეროში. ურთიერთგაგების მემორანდუმების შეთანხმება და მათი ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროგრამების ფარგლებში პირველი ტრანშის მისაღებად, რაც განპირობებულია პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ბენეფიციარი ქვეყნები ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პროგრამით ისარგებლებენ. საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები