“ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი და მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს”

“დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა. ეს ის ადამიანები არიან, ეს ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად, მტერს დაუპირისპირდნენ და არ დაუთმეს არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო. ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა სახელი უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით. მაგრამ, ამასთან ერთად და  იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც მთავარია, მშვიდობაზე ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება. ქვეყანაში ვერაფერი განვითარდება თუ არ იქნება მშვიდობა – ვერც ტურიზმი, ვერც ეკონომიკა, ვერც განათლება, ვერაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „ქართული ოცნების” პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის უმთავრესი საზრუნავი ადამიანზე ზრუნვაა.
„ქართული ოცნება” ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე. ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი. ადამიანი ყველა მიმართულებით – მისი ჯანმრთელობა, მისი ეკონომიკური კეთილდღეობა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ, თქვენთან ერთად გვიწევს, ვებრძოლოთ, როგორც ეპიდემიას, ასევე უნდა ვიბრძოლოთ ეკონომიკის აღორძინებისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული საქართველო, თუ თითოეული ოჯახი საქართველოში არ იქნება წარმატებული. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი არის კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილი. ამიტომ, დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს პანდემიიდან გამომდინარე, კახელი გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, მას სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს და დაეხმაროს, განსაკუთრებით დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენ გლეხს დავეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, იზრუნოს თავის თავზე, თავის ჯახზე. დღეს, როდესაც პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში, ჯანმრთელობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქართულ ოჯახს დააკლდა შემოსავალი. საქართველოში აღარ გვყავს ბევრი ტურისტი, რომელიც თითოეული თქვენგანის შემოსავალი იყო. ქვეყანაში შემოსული ტურისტი მიდიოდა თითოეული გლეხის ოჯახამდე. ამიტომ, ჩვენ ვდგევართ სოფლის მეურნეობის,  ჩვენი ფერმერების, ჩვენი გლეხების გვერდით და ვიდგებით ბოლომდე, სანამ ქართული მეღვინეობა არ დადგება ფეხზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ისაუბრა ლაგოდეხში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, რომელიც უნდა დასრულდეს.
„ლაგოდეხში ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არავინ ამბობს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მთავარია ის, რომ ბევრი ძლიერი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ. დაწყებულია წყალმომარაგების რამდენიმე პროექტი, მაგრამ ლაგოდეხის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი დასასრულებელია. დაწყებულია საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია. კაბალში ასაშენებელია ახალი სკოლა, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა გასაგრძელებელია  ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა – გზების პირველ რიგში, იმისთვის, რომ ლაგოდეხმა რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს და ბარაქა შემოვიდეს რაიონში. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამის საფუძველი არის ერთადერთი წარმატებული ქართული ოჯახი, წარმატებული საქართველო, ძლიერი ეკონომიკა და ევროპული ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს სასურველი ჩვენი ძმებისთვის, რომ გავერთიანდეთ ერთ მთლიან, ერთობლივ სახელმწიფოში. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კანდიდატი თქვენთან არის ყოფილი გუბერნატორი, ადამიანი, რომელმაც ყველა ის დეტალი, ყველა ის პრობლემა, რომელზეც მე ვისაუბრე იცის ზედმიწევნით კარგად, ამიტომ, როგორც კი თქვენთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და ის იქნება არჩეული, მეორე დღესვე მისი ძირითადი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება. არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე ემსახურო შენს მოქალაქეებს. მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები