სლოვაკეთიდან სამი რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევეს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაძევებულ დიპლომატებს ვენის კონვენციის დარღვევასა და სლოვაკეთის ვიზების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.
„საუბარია სანქტ პეტერბურგში სლოვაკეთის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზის ბოროტად გამოყენებაზე. მათ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადეს სლოვაკეთის საგარეო უწყებაში.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დიპლომატების გაძევება, სავარაუდოდ, უკავშირდება ბერლინში მოკლული, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს. კერძოდ, მამაკაცი, რომელმაც ხანგოშვილს ესროლა, რუსეთის მოქალაქეა.
მისი თანამზრახველი ასევე რუსეთის მოქალაქე, 39 წლის რომან დავიდოვია, რომელმაც შენგენის ზონა სლოვაკეთის ვიზით გადაკვეთა. დავიდოვის ვიზა გაცემულია სანქტ პეტერბურგში სლოვაკეთის გენერალური საკონსულოს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
რუსმა “დიპლომატებმა” სლოვაკეთი 13 აგვისტომდე უნდა დატოვონ.